
ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის რეაბილიტაცია დაიწყო
22 აპრილი 2026ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის მიმართულებით დაახლოებით 7 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის სამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
სარეაბილიტაციო გზის საფარი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, რაც გადაადგილებას ართულებს და ქმნის უსაფრთხოების რისკებს. პროექტი ითვალისწინებს გზის სრულმასშტაბიან განახლებას და მისი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით 7 კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის კომპლექსური მოწესრიგება. დაიგება ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ქვედა საყრდენი კედლები, ტროტუარები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და გზასთან მიერთებები. ასევე სრულად მოწესრიგდება წყალარინების სისტემა, განთავსდება საგზაო ნიშნები და შესრულდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მცხეთის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიის ფუნქციონირებას, გაზრდის გზის გამტარუნარიანობას, შეამცირებს მგზავრობის დროს და უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
ამასთან, უკვე დასრულდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული კომპონენტი - ქალაქ მცხეთის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე ახალი თაღოვანი ხიდის მშენებლობა. ახალი ხიდი აშენდა იმ მონაკვეთზე, სადაც 1926 წელს აგებული ხიდი ფუნქციონირებდა და ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე დატვირთვებსა და მოთხოვნებს.
ახალი ხიდი უზრუნველყოფს უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას, აკავშირებს მცხეთას რკინიგზის სადგურთან და ცენტრალურ საავტომობილო გზებთან, ხოლო მისი არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის ქალაქის ისტორიულ გარემოს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 6.6 მილიონ ლარს შეადგენს.
მცხეთაში ინფრასტრუქტურის განვითარება ასევე მოიცავს ურბანული გარემოს გაუმჯობესებას - ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას. პროექტი ითვალისწინებს რეკრეაციული, სპორტული და საბავშვო სივრცეების, ასევე საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ვინაიდან ტერიტორია მოქცეულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ბუფერულ ზონაში, პროექტი განხორციელდება შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით და საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით.
